საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩა

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა კვლავ ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღესაც ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ევროპის ჩემპიონატმა თელ–ავივში სტარტი 26 აპრილს აიღო.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი (2012) და თამაშები-2016-ის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი (4 ნომერი მსოფლიო რეიტინგში) ბრძოლაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და გერმანელ იგორ ვანდტკესთან (40) დამარცხდა.

ანალოგიურ სტადიაზე დაასრულა ტურნირზე გამოსვლა ნუგზარ ტატალაშვილმა (41). შეჯიბრის მეორე რაუნდში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ ივაილო ივანოვს (23) დაუთმო გამარჯვება.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს

ჩემპიონატის პირველ დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60-60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა.

28 აპრილს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს ინდივიდუალურ ორთაბრძოლაში საქართველოს ნაკრებს წარადგენს ოთხი ძიუდოისტი: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

თელ–ავივში ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს ჯგუფური შეჯიბრებით დასრულდება.