ქართველმა დიგერმა ჩერნობილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

დიგერი ალექს Geostalk მიწისქვეშა ნაგებობების პირველი მკვლევარია საქართველოდან, რომელიც მრავალი დღის განმავლობაში ჩერნობილის ზონაში იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. დიგერი და ექსტრემალი საქართველოდან ალექს Geostalk ხუთშაბათს თბილისში წარმოადგენს დოკუმენტურ ფილმს ქართულ ენაზე, სადაც მოგვითხრობს თავის მოგზაურობაზე ჩერნობილის გაუცხოების ზონაში.

მსოფლიოში 26 აპრილს იხსენებენ ჩერნობილის ტრაგედიას, რომელიც ზუსტად 32 წლის წინ თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა — ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის დანგრევას. ეს ავარია ატომური ენერგეტიკის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო.

26 აპრილის უდიდესი ტექნოგენური ავარია, ანუ როგორ იწყებოდა ჩერნობილი

ალექს Geostalk ჩერნობილში არა ჩვეულებრივი ექსკურსიით გაემგზავრა, არამედ ნამდვილ ექსტრემალურ მოგზაურობაში თავის თანამოაზრეებთან ერთად. სხვადასხვა ქვეყნის დიგერები ღამეებს ათენებდნენ მიტოვებულ სახლებში, იკვებებოდნენ კონსერვებით, სწავლობდნენ მივიწყებულ ქალაქს, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრება დუღდა.

„ეს დაუვიწყარი იყო. შეიძლება ითქვას, დიდი ხნის ოცნება ასრულდა. მაშინ გაჩნდა იდეა, გადაგვეღო ფილმი ქართულ ენაზე, რათა ქართული ინტერნეტ-სივრცე რაღაც ახლითა და უჩვეულოთი შევსებულიყო. ფილმში არის დოკუმენტური ფაქტები და საუბარი ჩვენს მოგზაურობაზე ჩერნობილის ზონაში. ჩვენი ყოფა, გადაადგილება და ემოციები", — აღნიშნა ალექს Geostalk-მა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

ფილმის პრეზენტაცია დედაქალაქის ბარში 100 Roentgen ხუთშაბათ საღამოს გაიმართება.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში აფეთქება 1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას მოხდა, რომელმაც მთლიანად დაანგრია ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის რეაქტორი. დაახლოებით 200 ათასი კვადრატული კილომეტრი რადიოაქტიური დაბინძურებული ტერიტორია, 600 ათასი ლიკვიდატორი, 130 ათასი ადამიანი, რომლებმაც სამუდამოდ დატოვეს მშობლიური სახლები. ჩერნობილის ავარიის შედეგად ხუთი მილიონი ადამიანი დაზარალდა.