რამდენ ლოკაციაზეა დაგეგმილი თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა

თბილისის მერიის კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას ტერიტორია ერთ ლარად გადაეცემა
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგს მოაწყობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის სიტყვებით, თბილისში ათი ადგილია მონიშნული, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურის მოწყობა. მერის განმარტებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანაზე.

„სითი პარკი“ წავა და სხვა მოვა, ანუ „პარკინგული ცარცის წრე“

ამ ეტაპზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა ვაკეში, კერძოდ, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მომდებარე ტერიტორიებზე იგეგმება. ჯამში, სამივე ლოკაციაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

„ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას", — განაცხადა კალაძემ.

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას იწყებს. ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. კალაძის განცხადებით, გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც ყველაზე მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცემა.

მერის განცხადებით, გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც ყველაზე მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულ კომპანიას სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადაეცემა.

„სითი პარკი“ წავა და სხვა მოვა, ანუ „პარკინგული ცარცის წრე“

2017 წლის ნოემბერში კახა კალაძემ თბილისის მერის უფლებამოსილების აღსრულების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მთლიანად გადაწყვეტას გეგმავს.

მანამდე, დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისის მერიამ ქალაქში 10 ადგილი შეარჩია, სადაც მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმებოდა. ადგილები შეირჩა კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანიამ PWC (PricewaterhouseCoopers). კვლევის ფარგლებში კომპანიამ შეისწავლა ბაზარი და განსაზღვრა ტექნიკური პარამეტრები.

მრავალდონიანი ავტოსადგომების აშენება იგეგმება რკინიგზის სადგურის, მეტრო „მარჯანიშვილის", ფილარმონიის, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტრო „ისანთან", „დინამოს" სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, მეტრო „ვარკეთილთან" და გეგეშიძის ბაღთან.