„ქართული ფრონდა“ პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობაში არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.
Sputnik

„პარლამენტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ეს არის ქართული ფრონდა და არა კრიზისი, ვინაიდან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რას ეტყვის ივანიშვილი“- განუცხადა სოსო ცინცაძემ “Sputnik-საქართველოს”.

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა.  აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან  თანაპარტიელების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა დაასახელა.

პრემიერის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება  არ არსებობს. არის ძალიან დემოკრატიული პროცესი,  რომელიც არის ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარი.