თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი თბილისში პირველად გამოვა

მუსიკოსის კონცერტი თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. პოპულარული ჩეხი პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი ქართველი მსენელის წინაშე 6 მაისს წარდგება, ნათქვამია თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

კონცერტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. შესრულდება იოჰანეს ბრამსის სონატა №3, ბედრჟიხ სმეტანას „ოთხი ჩეხური ცეკვა" და რობერტ შუმანის „კარნავალი".

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ქება ვაზისა" ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა. მას იმ დროს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა. 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღდგა და ის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიურად იმართება.

ლუკაშ ვონდრაჩეკი — ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის 2016 წლის პიანისტთა კონკურსის გრან-პრის მფლობელია. ის მსმენელის წინაშე პირველად ოთხი წლისა წარდგა. პიანისტის პირველი სოლო ალბომი 2004 წელს კომპანია Octavia Records-მა გამოუშვა. არის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.