თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გზების დეპარტამენტმა გაფრთხილების გარეშე გვირაბის ჩაკეტვისთვის შპს „იბოლია“ და „ სს ინსტიტუტი იგჰ“ დააჯარიმა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 19 აპრილს შპს „იბოლიამ“ ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა.
„შპს „იბოლიამ “ მოძრაობის შეწყვეტის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეატყობინა, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტმა კონტარქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები მიიღო. კერძოდ, შპს „იბოლია“ ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27, 5 ათასზე მეტი ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ – 45, 3 ათასზე მეტი ლარით.