უკრაინელი ქალის უცნაური სიყვარული საქართველოსადმი - ვეძებთ მხატვარ ნინას

„Гамарджоба!!! რა სასიამოვნოა, რომ მომწერეთ, Мадлобт!“- ასე იწყებოდა წერილი, რომელიც ჩვენი შეტყობინების საპასუხოდ მივიღეთ. მას შემდეგ, რაც ერთ მასალას დავურთეთ ვიდეო, სადაც გოგი ცაბაძის სიმღერას ქართველ ემიგრანტთან ერთად, მოსკოვში მცხოვრები უკრაინელი ქალბატონი მღერის, მისი გაცნობის სურვილი გაგვიჩნდა.
Sputnik

სოციალურ ქსელებში, მის მიერ შესრულებული სხვა ქართული სიმღერებიც მოვისმინეთ. ამის შემდეგ ქალბატონ ირინა იავორსკას დავუკავშირდით და ჩვენს შორის გულახდილი საუბარი შედგა. სანამ კითხვის დასმას მოვასწრებდით, მან ემოცია ვერ შეიკავა:

ირინა იავორკსა

— მადლობელი ვარ, რომ მომწერეთ. გეფერებით თქვენ და თქვენს ლამაზ ქვეყანას! ისე ამაღელვეთ, ცრემლები ვერ შევიკავე. ძალიან მესიამოვნა, როცა თქვენს მიერ მომზადებული მასალაში ჩემი ნამღერიც ვნახე. ცაბაძის სიმღერა ლაშა ბოლქვაძესთან ერთად ჩავიწერე. ლაშაზე ბევრი რამ გავიგე, ისეთი სუფთა ადამიანია… მოხარული ვარ, რომ მოვხვდი თქვენს საიტზე, სადაც ყველაფერი ქართულ ენაზეა. ამის მერე, „სპუტნიკზე“ ყველა იმ მასალას წავიკითხავ, რაც უცხოეთში მყოფ ქართველებზეა. სასწაული დღეა, იმედია, ოდესმე ჩამოვალ საქართველოში…

-ქალბატონო ირინა, უფრო ახლოს გაგვეცანით, რა პროფესიის ხართ?

— საქართველოსადმი და ამ ულამაზესი ენისადმი გულწრფელი სიყვარული დიდი ხანია მაქვს. სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვახერხე იქ ჩასვლა. პირველი  ფრაზა, რაც ქართულად ვისწავლე, ეს იყო: “БакХаки цХалши кикинебс“. წარმოშობით უკრაინიდან ვარ და მოსკოვში ვცხოვრობ. ორი სპეციალობა მაქვს: წარმატებით ვმუშაობდი კულტურის სფეროში, სადირიჟორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე პროფესიით —კბილის ტექნიკი ვარ…

ირინა იავორკსა

- ქართულ სიმღერებს როდიდან ასრულებთ და რომელი ამბავი გახდა იმის იმპულსი, რომ ჩვენებური სიმღერა გესწავლათ?

— ქართული სიმღერების მოსმენა 30 წლის წინ დავიწყე. ამის იმპულის ერთი ამბავი გახდა… 30 წლის წინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, ოდესაში გავიცანი საქათველოდან ჩამოსული ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც საერთო საცხოვრებელში ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ. მათი სახელები არ მახსოვს და ამის შემდეგ ისინი არსად შემხვედრია. იმან მომხიბლა, რომ ისინი მაღალი კულტურის ადამიანები იყვნენ. მათი გაცნობის მერე, ქართული კულტურისა და საქართველოს მიმართ ჩემი წარმოდგენა შემექმნა. ისინი უსმენდნენ ლამაზ სიმღერებს, რომლებსაც ვია „75“  და „ორერა“ ასრულებდა. სწორედ მაშინ ვისწავლე სიმღერა „რატომ“, ეს იყო ჩემი პირველი ქართული სიმღერა ვია „75“-ის რეპერტუარიდან, მერე იყო „თოვლი მოდის“. შემდეგ თავისთავად წავიდა და ვეღარ გავჩერდი. ამის მერე ქართული სიმღერების ფირფიტების შეძენა ჩვევად მექცა. ვერ გადმოვცემ იმ მღელვარებას, რასაც ჩემში ქართული, მრავალხმიანი სიმღერები იწვევს. ამ მელოდიებით გამოწვეული შინაგანი ემოციური რეაქცია დღემდე მომყვება.

-ქალბატონო ირინა, ქართული ენის შესწავლა არ გიცდიათ?

— ყოველთვის მინდოდა თქვენი ლამაზი ენის შესწავლა. მაშინაც იმ ქართველებმა დამიწერეს ანბანი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულე. დღეს ყველაფერი გამარტივებულია და ინტერენეტის მეშვეობით, შესაძლებელია, ნებისმიერი შინაარსის ტექსტი და მისი ტრანსკრიფცია მოიძიო. რაც მთავარია, იმღერე, რამდენიც გინდა!…

-რადგან ენა არ გესმით, მათ ალბათ მელოდიურობის მიხედვით არჩევთ — სულ რამდენი სიმღერა გაქვთ ქართულად ჩაწერილი?

— ინტერნეტში ხუთი-ექვსი სიმღერა ვიმღერე პროგრამის „SMULE» მეშვეობით, ღმერთი გაახარებს, ვინც ეს პროგრამა მოიგონა. მე არ შემიძლია გავეცნო ინტერნეტში საქართველოდან დაწერილ კომენტარებს, მაგრამ იმ პროგრამაში, სადაც ვმღერი, რამდენიმე საყვარელი პატრნიორ-შემსრულებელია, რომელთანაც თბილი დამოკიდებულება მაქვს.  საქართველოსამი ჩემი სიყვარულის შესახებ მგონი, აქ ყველამ იცის!!!

- საერთოდ რა იცით საქართველოსა და ქართველებზე?

— პირველ რიგში, ეს თქვენი ქვეყნის უნიკალურობაა, თქვენი კულტურა და ტრადიციებია!!! ეს კეთილშობილი ბუბა კიკაბიძე, ნიჭიერი ნანი ბრეგვაძე და არაჩვეულებრივი თამარ გვერდწითელია. გიორგი დანელიას ფილმებია, რომლებიც ასეთი ამაღელვებელი და ადამიანურია!.. კიდევ, ძალიან მომწონდა „კვნ“-ის ქართული გუნდი. ულამაზესი ხალხია ქართველები. სანამ თავად არ ვნახავ, საქართველოზე მხოლოდ ქართველი ადამიანების, სიმღერებისა და ფილმების მიხედვით ვმსჯელობ. მე არ მყავს რეალური ნაცნობი ქართველები, რომ დახმარება ვთხოვო, თორემ ყველა სიმღერას შევისწავლიდი.

-ანუ ჯერჯერობით ეს სიყვარული ვირტუალურად რჩება?..

— ერთ ამბავს მოგიყვებით: ქართველებთან დამეგობრება იმდენად მინდოდა, რომ იყო დრო, როცა რამდენიმე წლის მანძილზე, ყოველ ახალ წელს ვკრეფდი ჩემი უკრაინის ტელეფონის ნომერს: 2-28-24 მას საქართველოს კოდს ვამატები და სულ ვხვდებოდი ერთ მხატვარ ქალბატონთან, რომელსაც ნინა ერქვა. ყოველ ახალ წელს ვულოცავდი და ამით, ჩემს წარმოდგენაში, მთელ საქართველოს ვულოცავდი. მართლა, ვერ მომაძებნინებთ მას?

ირინა იავორკსა

- ალბათ რაიონში ხვდებოდით, ხუთციფიანი არასოდეს იყო თბილისის ნომერი…

— ამას რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ნომერი ხომ არის?! იმედი მაქვს, ის ქალბატონი ცოცხალი და ჯანმრთელია. საინტერესოა, თქვენ რომ დარეკოთ და იკითხოთ, ნეტავ, თუ გამიხსენებენ?…მთელი ცხოვრება მინდოდა ორ ქვეყანაში ჩავსულიყავი: ისრაელში და საქართველოში, მათი ენა შემესწავლა. ისრაელში დაახლოებით ოთხი წელი ვიცხოვრე და მათი ლამაზი ენა ვისწავლე. ახლა მინდა საქართველოში ვიცხოვრო ცოტა ხანი — ამ ოცნებაზე უარის თქმას არ ვაპირებ. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ხალხს და ქვეყანას…

P.S. რედაქცია თხოვნით მიგმართავთ, თუკი იცნობთ ქალბატონს, სახელად, ნინა, პროფესიით მხატვარს, სავარაუდოდ, რაიონში მცხოვრებს, ვისი ტელეფონიც ნომერიცაა: 2-28-24 დაგვიკავშირდით…