თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ აღსაზრდელთა მენიუში ცვლილებები შეიტანა — მჭადის ნაცვლად ისინი ღომსა ან სიმინდის ფაფას მიირთმევენ, იუწყება ტელეარხი Imedi.
თბილისის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებს დააყენებენ >>
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თავად საბავშვო ბაღებმა მოითხოვეს მენიუდან მჭადის ამოღება, რადგან ბავშვები არ ჭამდნენ. მარცვლეულის შემომტან კომპანიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება, ამიტომ სიმინდის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, შესაბამისად ზოგან მჭადის ნაცვლად დაამატეს ღომი, ზოგან კი სიმინდის ფაფა.
მენიუ საბავშვო ბაღებში ახალი წლიდან შეიცვალა. მშობლების მთავარ პრეტენზიას ამ მენიუს ერთფეროვნება წარმოადგენს.
ახალი ნორმების თანახმად, 1-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელების მენიუს კალორიულობა 1165 კილოკალორიამდე შემცირდა. რაც შეეხება 4-დან 6 წლამდე ბავშვებს, მანამდე ისინი 1970 კილოკალორიას იღებდნენ. ახალი წესების მიხედვით, გოგონები 1545 კილოკალორიას, ხოლო ბიჭუნები 1715 კილოკალორიას იღებენ.
სასმელებიდან ბავშვები მხოლოდ წყალს სვამენ. ჩაი ამოღებულია მენიუდან. ახალი მენიუს გაცნობა ყველა მშობელს შეუძლია, ის საბავშვო ბაღებში გამოკრულია.