„პლასტიკის ერის დასასრული“ - საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება მცირდება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება ევროპის ქვეყნებს მკვეთრად აღემატება
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, პლასტიკის პარკების გამოყენება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 2018 წლის დედამიწის დღის დევიზი  „პლასტიკის ერის დასასრულია“.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება და ამ დღეს მსოფლიოს გარშემო  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. 

 „სამინისტროს მიერ შემუშავებულია მთავრობის დადგენილების პროექტი —“პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წესი”. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პლასტიკის პარკების მოხმარება გაზრდილია, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს“, – განაცხადა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ. 

თხელი პოლიეთილენის პაკეტები საქართველოში 2018 წლიდან აიკრძალება

კერესელიძის განმარტებით, შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების,  ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში ასობით წელი  რჩება. მილიონობით  ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება ევროპის ქვეყნებს მკვეთრად აღემატება.კერძოდ, საქართველოში ერთი სული მოსახლე წელიწადში საშუალოდ 525 ცალ პოლიეთილენის პაკეტს მოიხმარს, მაშინ,  როცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში,  მაგალითად, დანიასა და ფინეთში, წელიწადში ერთი მოქალაქის მიერ მხოლოდ 4 ცალი პოლიეთილენის პაკეტი მოიხმარება, ირლანდიაში კი წლის განმავლობაში 14 ცალი. 

საქართველოს თითოეული მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 525 პოლიეთილენის პაკეტს იყენებს

2018 წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების 40%-ის იმპორტის აკრძალვა იგეგმება. გარემოს დაცვის სამინისტრომ პოლიეთილენის პაკეტებთან დაკავშირებით ევროდირექტივების საფუძველზე შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება. ცვლილება თავდაპირველად თხელ, „ერთჯერად" პოლიეთილენის პაკეტებს შეეხება. ცვლილება არ შეეხება ბიოდეგრადირებად პოლიეთილენის პარკებს.

ევროკომისიის მიერ 2013 წელს შედგენილი დირექტივისა და ევროპარლამენტის მიერ 2014 წელს გამოცემული აქტის თანახმად, პოლიეთილენის პაკეტების, რომელთა სისქეც 50 მიკრონზე ნაკლებია, 2017 წლის ბოლოსთვის 50%-ით, 2019 წლის ბოლოსთვის კი 80%-ით შემცირებაა დაგეგმილი. 

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტების გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება, თუმცა,  რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.