ჩინური ენა თბილისში: მოთხოვნა და შემსწავლელი კურსები

ბოლო წლებში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩინური ენის პოპულარობა იზრდება. ბევრი თვლის, რომ ჩინური მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი ენაა
Sputnik

ჩინური ენის დღე, რომელიც 20 აპრილს აღნიშნება, ჩინური დამწერლობის შემქმნელის, ცან ცზეს ხსოვნის უკვდავსაყოფად დადგინდა. ლეგენდის მიხედვით, ის მითიური იმპერატორ ხუან დის კარის ისტორიკოსი იყო და შეიმუშავა  პიქტოგრამები, რომელიც იეროგლიფებს დაედო საფუძვლად. 

ჩინეთი საქართველოს ტრანსპორტის სფეროს განვითარებაში დაეხმარება

ჩინური ენის დღესთან დაკავშირებით, „Sputnik საქართველომ“ გადაწყვიტა გაიგოს, თუ რამდენად მოთხოვნადია ჩინური ენა ქვეყანაში და სად შეიძლება თბილისში ენის სწრაფად შესწავლა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა, ჩინური ენის პროფესორმა მარინა ჯიბლაძემ სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო 3–4 წლის განმავლობაში ჩინური ენის შემსწავლელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

კონფუცის ინსტიტუტში არის როგორც საბაკალავრო პროგრამები სტუდენტებისთვის, ისე კურსები, რომლის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჯაფარიძის განმარტებით, საბაკალავრო პროგრამებზე 150 სტუდენტი სწავლობს, კურსებზე კი დაახლოებით 120 ირიცხება.

 „ჩინური ენის პოპულარობა ზოგ შემთხვევაში განპირობებულია ადამიანების მხრიდან ამ ენის კულტურის დაინტერესებით, ზოგ შემთხვევაში კი იმით, რომ ჩინური ენის ცოდნა – კერძო თუ საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების გარანტიაა“, – აღნიშნა ჯიბლაძემ.

ინსტიტუტის წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ  ჩინეთში უფასო სტაჟირება გაიარონ ან საზაფხულო სკოლაში გაემგზავრონ.

კონფუცის ინსტიტუტში სწავლის კურსი ექვს ეტაპს მოიცავს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 14 კვირაა. სწავლება 19:00 საათზე იწყება, პროგრამის ღირებულება 800 ლარია.

ყოველი მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებს კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატები გადაეცემათ.

 „საქართველოს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, ტურისტული და საინვესტიციო ურთიერთობა აქვს. შესაბამისად, ამ ენის შესწავლისადმი დაინტერესება იზრდება“, – აღნიშნა ჯიბლაძემ. 

ქუმსიშვილი ჩინეთში „აბრეშუმის გზას“ განიხილავს

ჩინური ენა დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. კურსის საგაზაფხულო სეზონზე რვა, თითოეულში 10–15 ადამიანით დაკომპლექტებული ჯგუფი შეიქმნა.

თსუ–ს სტუდენტებისთვის ჩინური ენის შესწავლა უფასოა. მას შემდეგ, რაც სტუდენტები  ჩინურ ენაზე საუბარს შეძლებენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოცდის ჩაბარების შემდეგ სწავლა  ჩინეთის უნივერსიტეტებში  გააგრძელონ და მიიღონ სრული დაფინანსება. 

ინდივიდუალურად ენის შესწავლის მსურველებმა, ერთსაათიანი მეცადინეობისთვის, საშუალოდ, 15 ლარი უნდა გადაიხადონ.

უცხო ენების შემსწავლელ კერძო ცენტრებში ჩინური ენის კურსის ღირებულება 130–დან 180 ლარამდე მერყეობს. კურსის ხანგრძლივობა, ცენტრიდან გამომდინარე, ერთიდან ოთხ თვემდეა.

მსმენელთა შორის არიან მეწარმეები, რომლებსაც ჩინეთში ყოფნა ხშირად უწევთ, ასევე სტუდენტები, მათ შორის ისინი, ვინც ჩინურ ენას სწავლობს, რათა ჩინეთში სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსება მიიღოს.

ზოგიერთი ჩინურ ენას „მომავლის ენას“ უწოდებს, რადგანაც მასში ხედავენ პერსპექტივას და უბრალოდ სურვილი აქვთ ენას სრულყოფილად ფლობდნენ.