არის თუ არა თბილისში „გრძელი ჭიების“ გავრცელების საფრთხე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს პედიატრმა კანიდან გრძელი ჭია ამოუღო
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik.  ახალგაზრდა დედებო, დაწყნარდით, საპანიკო არაფერია, ასე გამოეხმაურა  ჭიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საკუთარ Facebook- გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა დაწერა, რომ მის შვილს პედიატრმა კანიდან გრძელი ჭია ამოუღო. 

საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოები არსებობენ

„ჩემს ბიჭს ხელი ეფხანებოდა, მტკივაო. შემეშინდა, გავაქანე პედიატრთან და 6 სმ. სიგრძის შავი მატლი ამოუღო. ასე მითხრა, ბოლო კვირაში მეცხრე შემთხვევააო, რაღაც არის გავრცელებული, ჯერ ვერ დაადგინეს, იკვლევს ჯანდაცვის სამინისტროო“, –  დაწერა მშობელმა სოციალურ ქსელში, რასაც საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

პაატა იმანაძე საზოგადოებას არწმუნებს, მსგავსი შემთხვევა რომ დაფიქსირებულიყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აუცილებლად იქნებოდა ინფორმირებული.

„თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს, ერთ–ერთ პოლიკლინიკაში. თან, თურმე, ასეთი რამდენიმე პაციენტი ჰყოლია ბოლო პერიოდში. წესით, ასეთი შემთხვევა რომ მართლა ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნა პაციენტი, ეს ექიმებმა კი არა ყველა ბებიამ იცის ამ ქვეყანაში“, – წერს იმნაძე.

მისი თქმით,  ერთადერთი ასეთი „ჭია", რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს,  დიროფილარიოზია, რომელიც ძალიან იშვიათია და სულ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი.

იმნაძის განცხადებით, აღნიშნული ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ ხოლმე და ადამიანზე ძირითადად კოღოებს გადააქვთ.