თბილისში საფეხმავლო ლითონის ხიდების რეაბილიტაცია იწყება

დედაქალაქში ქვეითებისთვის განკუთვნილი 34 ლითონის საფეხმავლო ხიდია, რომელთა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ქვეითებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ლითონის ხიდების ნაწილი დაზიანებულია. კერძოდ, ლითონის ფირფიტები მჭიდროდ დამაგრებული არ არის და  მასზე გადასვლისას, შესაძლებელია, მოქალაქეებს საფრთხე შეექმნათ.

ექსპერტიზის ბიურო თბილისში მდებარე 134 საბავშვო ბაღის შენობას ამოწმებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის განცხადებით, ქალაქის მთავრობას ინფორმაცია დაზიანებული ხიდების შესახებ აქვს, მათი რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელშიც კომპანია „უნივერსალმშენმა" გაიმარჯვა. ხიდების რეაბილიტაციის ტენდერით გათვალისწინებული თანხა 237 732 ლარია. 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ყველა ხიდი შემოწმებულია და მომავალი კვირიდან  ავარიული ხიდების რაბილიტაციის  პროცესი დაიწყება.

„იმის გამო, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ ისარგებლოს ამ ხიდებით, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია ჩატარდება. იმ კვირიდან ამ პროცესს დავიწყებთ და რეაბილიტაცია მთელი წელი გაგრძელდება, რადგან შესაძლოა, ხიდი ახლა მყარი იყოს, მაგრამ 3 თვის შემდეგ ჩარევა დასჭირდეს“, — განაცხადა ბენდელიანმა. 

დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის, მსუბუქი კონსტრუქციის საფეხმავლო  ხიდია, რომელთა უმეტესობა 2009-2010 წლებში აიგო.  მათი რეაბილიტაცია  ამ დრომდე არ ჩატარებულა.