რატომ გადაიდო „ქართული ოცნების" სხდომა ქუთაისში - პარტიული დაპირისპირება გრძელდება

უმრავლესობაში საქმის გარკვევა და დაანონსებული სხდომა, სადაც ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ქცევის ახალი წესები უნდა შესთავაზოს და რომელსაც მედია და მმართველი გუნდი უკვე 2 კვირაა ელოდებიან, ისევ გადაიდო.
Sputnik

ოფიციალური მიზეზი დღის წესრიგის კარგად მომზადება და ის თემაა, რომ რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი მართლაც არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც მთავარი პრემიერის დასწრება და სავარაუდო გადაწყვეტილებების შესახებ ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გარკვევა უნდა იყოს.

„სხდომის შემდეგ გადაწყდება, ვინ გაიმარჯვებს მმართველ გუნდში — ირაკლი კობახიძისა თუ გიორგი კვირიკაშვილის ჯგუფი“, — ფიქრობენ ოპოზიციაში, თუმცა ირაკლი სესიაშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

საპარლამენტო  უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც ირაკლი კობახიძის მოწინააღმდეგეებად ითვლებიან ამბობენ, რომ სხდომაზე არანაირი წინაპირობები არ უნდა იყოს დაყენებული და ნებისმიერმა დეპუტატმა თავისუფლად უნდა შეძლოს თავისი პოზიციის გამოთქმა.

პარტიული ომი „ქართულ ოცნებაში" - ბოსები სიტუაციის დალაგებისათვის ემზადებიან

აღსანიშნავია, რომ მეამბოხე დეპუტატების ემოციები უკვე მეტ-ნაკლებად დამცხრალია. როგორც ჩანს, დავით ჭიჭინაძეს, გედი ფოფხაძესა და ნუკრი ქანთარიას ურჩიეს, მოერიდნონ ვითარების ექსკალაციას, თუმცა აგრესია ძალაუფლებისათვის ბრძოლაში მაინც ბოლომდე არ დამცხრალა და მან გუშინ პარლამენტის ფოიეში ამოხეთქა, სადაც ირაკლი აბუსერიძემ და დავით მათიკაშვილიმა ერთმანეთზე გაიწიეს, თუმცა დამაჯერებელი აღმოჩნდა ნუკრი ქანთარიას განმარტება, რომ დეპუტატები მესისა და როლანდინიოს გულშემატკივრებად იყვნენ დაყოფილები და ხმამაღალი შეძახილებიც ამან გამოიწვია.

განვითარებული მოვლენების გამო ექსპერტი არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ „ოცნება“ შესაძლოა, რამოდენიმე დეპუტატმა დატოვოს. მისივე აზრით, პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის მოლოდინი არ აქვს. მისი მოსაზრებით, არსებული სიტაუციიდან  მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: შეთანხმდნენ დაპირისპირებული პირები ან შეკავება მოხდეს, ანუ დავაში კონკრეტული სუბიექტები აქტიურად ჩაერთონ. გამზარდიას თქმით, თუკი მათი შეკავება ვერ მოხერხდება, რამდენიმე ადამიანი დატოვებს პარტიას, თუმცა,  საერთო ჯამში, პარტიის რღვევა ნაკლებად არის მოსალოდნელი.

მიჯირყვნის დიდოსტატები „ქართულ ოცნებაში“ და ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გავლენას არსებულ ვითარებაზე, მისი განმარტებით, კვირიკაშვილიცა და პარტიის სხვა წევრებიც სხვადასხვა დონეზე აღმასრულებელ მმართველობით სივრცეში დამფუძნებლის აზრებს პოზიციონირებენ, ასე რომ, პრემიერი აქ დიდ როლს არ თამაშობს.

სხვათა შორის, ცალკე ფრაქციად გამოყოფა უმრავლესობის შემადგენლობაში უკვე დიდი ხანია, ბევრი დეპუტატის ოცნებაა, რადგან უმრავლესობის ფარგლებში ისინი აშკარად გრძნობენ, რომ მართვის სადავეები კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე-ზარდიაშვილმა ჩაიგდეს ხელში. მათ მართვაც იციან და თანაგუნდელების პრივილეგირებაც, „ქართული ოცნების" ძველი შემადგენლობა კი მეზობლის ბავშვებივით ადევნებს თვალს, როგორ ვითარდება პროცესები მათი ჩართულობის გარეშე. ბუნებრივია, თუკი ისინი ფრაქციებს შექმნიან, რომელსაც საკმაოდ სერიოზული საფინანსო და საკადრო უზრუნველყოფა აქვს, უკეთ მოიპოვებენ როგორც პრივილეგიებს, ასევე საეთერო სივრცეს, რომელიც კობახიძის გუნდმა გადაფარა.

სამი ამოცანა ქართული ოცნებისათვის

ახლა გაირკვა, რომ „ახლებმა“ პარლამენტში საკმაოდ სერიოზული დაჯგუფება შეიყვანეს. კობახიძის უკან ბევრი დეპუტატი კახი კალაძის ფიგურას ხედავს, მაგრამ მილანის ქართველი ვარსკვლავი ცდილობს, ამ პროცესისაგან დისტანცირება მოახდინოს, თუმცა კობახიძესთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე პოზირებას არ ერიდება.
ჩვენი ინფორმაციით, სხდომა შაბათს, „ქართული ოცნების" პარტიულ ოფისში შედგება და მას პრემიერი დაესწრება. დიდი ალბათობით, ამ სხდომაზე გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა, რათა არც ხონისა და ვანის არჩევნებს შეეშალოს ხელი და არც — საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას, რომელსაც მმართველი პარტიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს…


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!