თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობილი ქართველი კლასიკოსი, პოეტი და მწერალი ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი 1861 წელს ფშავში, სოფელ ჩარგალში დაიბადა. ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები: „ალუდა ქეთელაური", „ბახტრიონი", „სტუმარ-მასპინძელი", „გველისმჭამელი", „შვლის ნუკრის ნაამბობი", „ხმელი წიფელი" და ა.შ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.
2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის 5 აპრილს მიიღო.
ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმი დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, ერთსართულიანი სახლის ორ ოთახშია განთავსებული.
„ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. აქვს ერთფერდა, კრამიტის გადახურვა, რომელზეც ორი საკვამურია ამოყვანილი. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. ოთახებს ერთმანეთისგან ვიწრო ტალანი ყოფს, რომელთანაც ისინი კარით არიან დაკავშირებული. ოთახები აივნის მხრიდან დატანებული სარკმლებით ნათდება. ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. სახლის იატაკი აგურფენილია. შედარებით მცირე ზომის ოთახი ვაჟას მამის — პავლეს აშენებულია. ამავე ოთახში დაიბადა ვაჟაც. აქვე იყო მისი სამუშაო ოთახიც. მეორე უფრო დიდი ზომის ოთახი კი ვაჟას დროსაა აშენებული და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. სახლის ერთი ნაწილი ვაჟას მამის — პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი თავად ვაჟასი,“ — ნათქვამია განცხადებაში.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი 1961 წელს დაარსდა. მასში დაცულია როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქვე ინახება პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები. მუზეუმში აგრეთვე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა.