თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე 35–ედ აღინიშნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ეს დღე 1983 წელს ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოსა (ICOMOS) და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ინიციატივით დაფუძნდა.
მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. ამჟამად საქართველოში 11 765 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აღრიცხული, რომელთაგან 7 505 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, 39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 978 ძეგლს კი განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი, ზემო სვანეთი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
ამასთან, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით, წარდგენილია „ქართული ჭიდაობა“.