ექსპერტიზის ბიურო თბილისში მდებარე 134 საბავშვო ბაღის შენობას ამოწმებს

ექსპერტიზის თანახმად, თბილისში ათი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდება, 16 ბაღს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისში მდებარე 134 საჯარო ბაღის შენობას ამოწმებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ექპერტიზის ბიუროს ცნობით, ექპერტიზის დამკვეთი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოა და მას  შემოწმების შედეგები დასრულებისთანავე ეტაპობრივად გადაეგზავნება. 

თბილისის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებს დააყენებენ

ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე 28 ბაღის შენობის ექსპერტიზა დასრულდა.

ექსპერტიზის თანახმად, თბილისში ათი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი  განხორციელდება, 16 ბაღი კი რეაბილიტაციას ექვემდებარება.

რეაბილიტაცია შემდეგ  ავარიულ ბაღებს უნდა ჩაუტარდეს: მე-2, მე-4, 55-ე, 155-ე, მე-3, 66-ე, მე-100, 119-ე, 126-ე, 170-ე, მე-200, 21-ე, 144-ე, 150–ე და ამასთან  მხედველობადაქვეითებულთა და  სმენადაქვეითებულთა ბაღებს.

სააგენტოს მონაცემებით, ბავშვები იმ ბაღებიდან გაიყვანეს, სადაც, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყველაზე მწვავე მდგომარეობა იყო და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო სააღმზრდელო პროცესი.

დემონტაჟს ექვემდებარება  19-ე, 28-ე, 43-ე, 47-ე, 84-ე, 96-ე, 125-ე, მე-6 და 14-ე ბაღი. მათგან სამი – 19-ე, 84-ე და  125-ე ბაღები უკვე დაიხურა. 

თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
  

კიდევ ერთი, 109-ე ბაღის დახურვის გადაწყვეტილება კი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გუშინ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მიიღო.

„საექსპერტო დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მიწისძვრის შედეგად შენობის ნგრევის მაღალი რისკის გამო, მასში საბავშვო დაწესებულების განთავსება მიზანშეუწონელია. 109-ე ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან“, –  ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

109-ე საბავშვო ბაღი დღეს დახურეს, რაც  აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა გააპროტესტეს და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, კახა კალაძეთან შეხვედას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ბაღის ავარიული მდგომარეობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მოგვიანებით საავტომობილო გზა სამართალდამცავების ჩარევით გაიხსნა.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.