TripAdvisor–ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლები გავა

საქართველოს შესახებ რეკლამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამ მილიონამდე ინტერნეტ–მომხმარებელი ნახავს
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik.  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილ  ამერიკულ  პოპულარულ პორტალ  TripAdvisor–ზე გავა.

Tripadvisor-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი ვებ-გვერდია, რომელიც მოგზაურობის მოყვარულთ დასვენების დაგეგმვაში ეხმარება და ზოგადად, მოგზაურობების შესახებ მოუთხრობს. პორტალზე ასევე განთავსებულია მილიონობით მოგზაურის რჩევები. საქართველო პირველი წელი არ არის, რაც პორტალთან თანამშრომლობს.

ახალი კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა  გიორგი ჩოგოვაძემ და TripAdvisor–ის მარკეტინგული მიმართულებების  მენეჯერმა ჩედ შაივერმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 

ტურიზმმა საქართველოს წლის დასაწყისიდან ნახევარი მილიარდი დოლარი მოუტანა

მემორანდუმის თანახმად, ახალი ინტერნეტ–კამპანია ორ ეტაპად განხორციელდება.  23 აპრილი – 22 სექტემბრის პერიოდში TripAdvisor–ზე დაგეგმილია რეკლამების განთავსება, რომელსაც, სავარაუდოდ, სამ მილიონამდე ინტერნეტ–მომხმარებელი ნახავს, ხოლო Premium partnership–ის პაკეტი, რომელიც არსებული ინფორმაციის განახლებას გულისხმობს, 2019 წლის 23 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ინტერნეტ–კამპანია  24  ქვეყანას მოიცავს: რუსეთს, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთს, შვედეთს, ნორვეგიას, დანიას, ესტონეთს, ლიტვას, ლატვას, პოლონეთს, იტალიას, გერმანიას, უკრაინას, ისრაელს, თურქეთს და სხვა ქვეყნებს.

ერთ თვეში Tripadvisor-ს 390 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. გარდა ამისა, პორტალზე შესაძლებელია ხუთ მილიონზე მეტ სასტუმროზე, რესტორანსა და ღირსშესანიშნაობების შესახებ გამოხმაურებებისა და მოსაზრებების გაცნობა. ბრენდ TripAdvisor–ის ვებ–გვერდები 49 ქვეყნის აუდიტორიას მოიცავს და წარმოადგენს  მსოფლიოში  მსხვილ მოგზაურთა საზოგადოებას.