„საქართველოს ფოსტა“ მომსახურების ხარისხით მსოფლიოში საუკეთესოა

1993 წლიდან საქართველო „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრია, ხოლო თბილისში პირველი საფოსტო კანტორა 1805 წელს გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. „საქართველოს ფოსტამ“ პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაერთიანების საბჭოს (EMS) მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომელიც მსოფლიო საფოსტო კავშირის სათაო ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართა, ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.

კენჭისყრაში, რომელზეც საქართველო მომსახურების ხარისხით საუკეთესო ქვეყნად აღიარეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ 180 წევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. 

„საქართველოს ფოსტამ“ მარკების საუკეთესო ესკიზების კონკურსი გამოაცხადა

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, 2012 წლიდან საქართველოს ფოსტის რეორგანიზაციის და განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შემდეგ მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წლიდან საქართველო მიტანის სერვისის ხარისხის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ათეულში შევიდა.

EMS გაერთიანება 1999 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირმა შექმნა. ის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მას საკუთარი სათათბირო ორგანო გააჩნია. EMS გაერთიანება სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს, რათა კლიენტებს გლობალურ დონეზე მომსახურების მაღალი ხარისხი შესთავაზოს.

საქართველოს ფოსტა: პირადი საფოსტო ყუთების არარსებობა დიდი პრობლემაა >>

„საქართველოს ფოსტა“ EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა. გაერთიანების საბჭოს ვალდებულებაა ორგანიზაციის  პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, ასევე სტანდარტების და პროცედურების შემუშავება, რაც სავალდებულო შესასრულებელია ყველა წევრი ქვეყნისთვის. დღეისათვის „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.