თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართული სპორტის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება, რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ქართული სპორტის მუზეუმი 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში გაიხსნა. მუზეუმი ინახავს ქართული სპორტის განვითარების და ყველა ქართველი სპორტსმენის ისტორიას, რომლებსაც ოდესმე გაუმარჯვიათ საერთაშორისო შეჯიბრებებსა თუ ოლიმპიადებზე. მუზეუმში სულ ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი ინახება.
ამჟამად მუზეუმი სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარეობს, გაერთიანების შემდეგ კი ექსპონატები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება. თუმცა, მუზეუმის დირექტორის, ნანუკა მიქაძის თქმით, მისთვის ცალკე შენობა გამოიყოფა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს პრეზიდენტის პირადი განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. ეს არის მუზეუმების ქსელი, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხის რამდენიმე წამყვან მუზეუმს აერთიანებს.
მის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (თბილისი),ხელოვნების საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი), გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი (თბილისი), დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, დმანისის ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმ-ნაკრძალი, სიღნაღის მუზეუმი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი, ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის არქეოლოგიური საცავი, მცხეთის საცავი და გურჯაანის საცავი.