ფულადი გზავნილები: საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთიდან აგზავნიან

ყველაზე მეტი ფული საქართველოში შემოდის რუსეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს – ამ ქვეყნიდან 2018 წლის მარტში გადმორიცხეს 38,1 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2017 წლის მარტთან შედარებით 0,5%–ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი 29,1%–ია. 

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მოცულობა 2018 წლის მარტში, გასული წლის მარტთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და დაახლოებით 131,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

რა გავლენა ექნება რუსული რუბლის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 355 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7%-ით მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის სამ თვეში 102,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში მარტში დაახლოებით 21 მილიონი დოლარი გადარიცხეს, რაც 24,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან პირველ კვარტალში გადარიცხულია დაახლოებით 54 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,4%-ით მეტია.