Wine and Gourmet Japan 2018–ზე ქართული ღვინო 16–მა კომპანიამ წარადგინა

ღვინის ეროვნულ სააგენტოს იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნილების გაზრდის იმედი აქვს
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი  — Sputnik.  ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა  Wine and Gourmet Japan 2018–ზე  ქართული ღვინო 16–მა კომპანიამ წარადგინა, ნათქვამია  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზე.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარი „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც  ღვინის იაპონელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

ტრადიციულად, Wine and Gourmet Japan–ზე მოწინავე სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები  და აზიის რეგიონიდან ღვინის იმპორტიორები იკრიბებიან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იაპონიასა და მეზობელ ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას.  

წელს ქართულმა ღვინომ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებლის გული დაიპყრო

რამდენიმე ქართულმა კომპანიამ ღვინის ახალი იმპორტიორების მოძიება, სხვებმა კი პოტენციურ პარტნიორებთან  მოლაპარაკებების დაწყება შეძლეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები:  „ვინაგორა“, „შუმი“, „ვაინმენი“, „ჩიგოგიძის ღვინოები“, „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შილდა“, „მეღვინეობა დანიელი“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „გიუაანი“, „მარანული“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“ და GWS.

2015 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურად ატარებს მარკეტინგულ ღონისძიებებს, რის შედეგადაც  იაპონური ბაზრისადმი ქართველი კომპანიების ინტერესი და ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი  სულ უფრო გაიზარდა. 

ქართულ ღვინოს იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე ყოველწლიურად წარმოადგენენ. გარდა ამისა,  იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარები.

2018 წლის სამი თვის მონაცემებით, იაპონიაში 53 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 230%–ით მეტია გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.