ქართველმა ჩოგბურთელმა АТР–ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა

ქართველ ჩოგბურთელს მარაკეშში წარმატებულმა გამოსვლამ სარეიტინგო ქულების გარდა 14 ათასი ევრო მოუტანა
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР–ს განახლებულ რეიტინგში თავისი პოზიცია გაიუმჯობესა და 89–ედან მე–80 ადგილზე გადაინაცვლა.

ეს პროგრესი მარაკეშში (მაროკო) АТР 250–ის სერიიდან ტურნირზე მისმა გამოსვლამ განაპირობა. ბასილაშვილი ¼ ფინალამდე მივიდა, სადაც უკვე პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან წააგო (2:6, 6:4, 1:6).

საქართველოს ნაკრებმა ჩოგბურთში დევისის თასზე ლუქსემბურგთან წააგო

ამ შედეგის შემდეგ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თითქმის 14 ათასი ევრო გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე ბასილაშვილმა ზედიზედ შვიდი მატჩი წააგო.  მან დამარცხებების ჯაჭვი АТР-ს „მასტერსის" სერიიდან ტურნირზე ასპარეზობისას გაწყვიტა, როდესაც იტალიელ ტომას ფაბიანოსთან შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

მთლიანობაში, სამი თვის განმავლობაში არასტაბილური გამოსვლების გამო ქართველმა სპორტსმენმა АТР-ს რეიტინგში 30-ზე მეტი საფეხურით დაიწია — 57-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

„ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ შვიდი დამარცხების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა" >>

რაც შეეხება მაროკოს ტურნირს, მისი გამარჯვებული ესპანელი პაბლო ანდუხარი გახდა, რომელმაც ფინალში ბრიტანელ კაილ ედმუნდს სძლია (6:2, 6:2).