თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულისა და დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული თ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში, თავისი ახლობლის, თ.ბ.-ს სახლში დააკავა. თ.ბ.-მ ბაქრაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა.
როგორც გაირკვა, ბრალდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. ბაქრაძე 2015 წელს სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით იხდიდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს გაშორებული იყო და მასთან შერიგებას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მოკვლით ემუქრებოდა. ბაქრაძე ორი წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და მან საპყრობილე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
„აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ.-ს (მოკლული თ.გ.-ს დედა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის შეწყალების აქტის საფუძველზე ვ.ბ. შეწყალებული იქნა. მას მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რის საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 25 მაისს გათავისუფლდა“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თ.ბ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.