პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს

საქართველოს პრეზიდენტმა საქმის ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რაც მისთვის ბრალდებულის შეწყალების პროცესში იყო ცნობილი
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik.  შეწყალების კომისია არ გამოიყენებს შეწყალების უფლებამოსილებას ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე და დროებით წყვეტს შეწყალების აქტების გამოცემას აღნიშნულ დანაშაულზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა  მედიასთან თბილისში  25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე ისაუბრა. 

25 წლის გოგოს მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის  ქალი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

როგორც გაირკვა, ბრალდებული რ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. ბაქრაძე 2015 წელს  სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით იხდიდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს გაშორებული იყო და მასთან შერიგებას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მოკვლით ემუქრებოდა. ბაქრაძე ორი წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და მან საპყრობილე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

„რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის აქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ  საქმის ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რაც მისთვის შეწყალების პროცესში  იყო ცნობილი. 

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვიდეოკადრები

“2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხ-თვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი“, –  განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე უარი  ერთხელ ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის წევრის სურვილი  მის გათავისუფლებაზე.  გარდა ოჯახის სურვილისა, მეორე მიმართვისას კომისიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი შევიდა, მათ შორის, ფსიქოლოგის დადებით დასკვნა, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნა, სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებით დასკვნა და სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ იყო მითითებული  ბრალდებულის სულიერი აშლილობის თაობაზე. 

„საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის ოთხი შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე“, — განაცხადა მარგველაშილმა. 

მკვლელობა ბარნოვზე: ცნობილია ახალი დეტალები

პრეზიდენტის განმარტებით, ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე შეწყალება შეწყდება მანამ, სანამ კონსულტაციებს არ გაივლიან შეწყალების პროცესის „ყველა აქტორთან", როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე ძალადობაზე მომუშავე ჯგუფებთან.

„ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ასახავს საჭიროებას, რომ ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა როცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით  კიდევ ერთი პირი დააკავეს –  ბაქრაძის  ახლობელი, რომელმაც ბაქრაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა.