საბერძნეთში სამი ქართველი დააკავეს

ბრალდებულები სახლებიდან ფულს, ძვირფას ნივთებს და მობილურ ტელეფონებს იპარავდნენ.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ სახლების ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავებულებმა 10 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდში ქალაქ ვოლოსში სულ მცირე, ოთხი სახლი გაქურდეს. პოლიციამ 24, 35 და 39 წლის ქართველი მამაკაცები დააკავა.

ავსტრიაში ქართველები დააკავეს: ქურდობის 11 ფაქტი, ყალბი სანომრე ნიშნები და მართვის მოწმობა

გამოძიების ცნობით, ისინი სახლებიდან ფულს, ძვირფას ნივთებს და მობილურ ტელეფონებს იპარავდნენ. მოპარული ნივთების ღირებულება სულ 4 400 ევროს შეადგენს.

დაკავების დროს ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ კარის გასატეხად საჭირო ხელსაწყოები, რამდენიმე მოპარული ნივთი და მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ, ისინი  დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ათენის პოლიციის მიერ ბინის ძარცვისთვის იძებნებოდა. 

სამივე დაკავებული ქალაქ ვოლოსის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.