ქართველი ინსტრუქტორები ავღანელ სამხედროებს ამზადებენ

სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ უნარებს, რომლებიც ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ინსტრუქტორები ავღანელ სამხედროებს ამზადებენ, იუწყება თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს პატრულირებისა და სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ. სასწავლო საკითხები სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას მოიცავს.

სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ უნარებს, რომლებიც ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი მონაწილეობს ნატოს არასაომარ სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) და ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას და ოპერაციის რაიონის კონტროლს უზრუნველყოფს. მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. საქართველოს მხრიდან მისიაში ამ ეტაპზე 872 სამხედრო მონაწილეობს.