ფოთელები ქალაქის დღეს ზეიმობენ

ფოთში საზეიმო ღონისძიებები და შეხვედრები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ფოთში წელს პირველად ქალაქის დღეს ზეიმობენ, ნათქვამია ფოთის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

„ფოთის დღეები 2018" ფოთელებმა საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე აღინიშნეს.

კვირაცხოვლობა - თომას კვირეული

ქალაქის დღესთან დაკავშირებით, საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ქალაქის სიმბოლიკისა და ჰერალდიკის გამოფენა გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების მერები, მოწვეული სტუმრები, დელეგაციები ისრაელისა და პოლონეთის დამეგობრებული ქალაქებიდან, სამღვდელოება და ქალაქის საზოგადოება დაესწრო.

საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში  კვინტეტ „ურმულის“ კონცერტი გაიმართა, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასევე გაიმართა ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. და ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ლექცია-ექსკურსია კოლხურ მუზეუმში.

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება, სადაც „ქუჩის მუსიკოსების“ ორი თაობა და ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილოებას.