ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ორშაბათს ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შაბათს დააკავეს ვეფხია ბაქრაძე, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ 25 წლის გოგოს საზარელ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც გაირკვა, ის რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. ბაქრაძე სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით იხდიდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს გაშორებული იყო და მასთან შერიგებას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა არაჯეროვნად გამოიყენა სამართლებრივი შეღავათები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამას არ იმსახურებდა.

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვიდეოკადრები

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან არაჯეროვნად იყო გამოყენებული სამართლებრივი შეღავათები ადამიანის მიმართ, რომელიც, როგორც ჩანს, ამას არ იმსახურებდა. რა თქმა უნდა, ჯერ მას ბრალდებულის სტატუსი აქვს და სასამართლო პროცესი წინ არის, თუმცა თუ გუნდში იქნება მსჯელობა, რომ მომავალში ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს იმ ტიპის შეღავათები, როგორიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა, აუცილებლად მხარს დავუჭერ. პირადად მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის შიგნით ამაზე დისკუსიის ინიცირება უნდა მოხდეს”, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარასკევს, 13 აპრილს ვეფხია ბაქრაძემ ყელი გამოჭრა თავის ყოფილ გერს, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს. საზარელი მკვლელობა მოკლულის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. მკვლელობის შემდეგ ბაქრაძე ადგილიდან მიიმალა, ხოლო მეორე დღეს ის თელეთში მისი ახლობლის სახლში დააკავეს. მისი ახლობელი, რომელმაც ბაქრაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა, შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.