„ჩემი პირველი ქართული როლი“: თბილისში თეატრალური კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

კონკურსი არაქართულენოვან მოსწავლეებში ქართული ენის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი გამართა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. მისი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

კონკურსის ფინალი დედაენის დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

საქართველოში პირველი ინკლუზიური სპექტაკლი 14 აპრილს გაიმართება

პირველის ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას. ჟიურის სიმპათია კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლამ დაიმსახურა,ნათქვამია განცხადებაში.

გამარჯვებულმა გუნდებმა, რუსთაველის თეატრში თავიანთი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები წარმოადგინეს. 

კონკურსის დასასრულს,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფინალისტებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს.

კონკურსი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.