25 წლის გოგოს მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

პარასკევს, 13 აპრილს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს მისმა ყოფილმა მამინაცვალმა, ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. მკვლელობის შემდეგ ბაქრაძე ადგილიდან მიიმალა, ხოლო მეორე დღეს ის თელეთში მისი ახლობლის სახლში დააკავეს. მისი ახლობელი, რომელმაც ბაქრაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა, შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.როგორც გაირკვა, ბაქრაძე რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. ბაქრაძე სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით იხდიდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს გაშორებული იყო და მასთან შერიგებას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვიდეოკადრები

აქამდე ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ტელეარხის ინფორმაციით, დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ბრალს უყენებენ მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირსაც.

ვეფხია ბაქრაძისთვის ბრალის წარდგენას სახაზინო ადვოკატი ესწრება. პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.