სამ თვეში ოჯახში ძალადობისთვის 800-ზე მეტი პირი დააკავეს

მინისტრის მოადგილის თქმით, მკაცრი პოლიტიკის გატარება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან უნდა განხორციელდეს
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. შსს-მ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა“, — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

25 წლის გოგოს სავარაუდო მკვლელი დაკავებულია - ვიდეოკადრები

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ძალადობის თითოეულ ფაქტზე, თუმცა ამ პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან“, — აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.