რატომ იკეტება რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა

კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისში, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 16 აპრილიდან 30 აპრილამდე  ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია „ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.