ქართული ნაკრძალების დამთვალიერებლებს შორის გერმანელები ლიდერობენ

საქართველოში ყველაზე პოპულარული ეროვნული პარკები თბილისის და ყაზბეგის ეროვნული პარკებია
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან ეწვია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბოლო სამი თვის განმავლობაში, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

გერმანიის შემდეგ მოდის ისრაელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და რუსეთი.

თბილისის ბოტანიკური ბაღი საგანმანათლებლო პროგრამებს იწყებს

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და 55,4 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ვიზიტორთა შორის 56% ქართველები არიან, 44% — უცხოელები. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, უცხოელების — 88%-ით.

ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა თბილისის ეროვნულ პარკში, პრომეთეს მღვიმეში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სათაფლიაში.

ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშის და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მტირალას ეროვნულ პარკში და მარტვილის კანიონშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.