გადაიფიქრა თუ დაითანხმეს: ფოფხაძე „ქართულ ოცნებაში“ რჩება

გედევან ფოფხაძე პოლიტიკური ასპარეზის დატოვებას გეგმავდა, რითაც აჟიოტაჟი გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ერთკვირიანი სკანდალის შემდეგ გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტა, ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გასული კვირის ბოლოს ფოფხაძემ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სადამკვირვებლო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევით უკმაყოფილო იყო, პარტიიდან წასვლა დააანონსა და თანაპარტიელები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მისმა განცხადებამ მმართველ პარტიაში განხეთქილების და პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ ჭორები ააგორა.

პრემიერი: უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ

„მე უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე განცხადებას არ ვწერ, ასე რომ ტექნიკურად ამ პროცესს არ ვიწყებ“, — განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მის თანაგუნდელებს მასთან პრეტენზიები გააჩნია, ან მათ ამ პრეტენზიებისადმი სამართლებრივი სტატუსის მინიჭება სურთ, ისინი მისი წასვლის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებენ. ამასთან, ის მზად არის საპარლამენტო უმრავლესობის განვითარებაში საკუთარი წვლილი კვლავინდებურად შეიტანოს.

„მე მგონია, ეხლა ის არ უნდა ვარჩიოთ, ჩვენ შორის ვინ იყო მტყუანი, პრობლემების გადალახვაზე და უმრავლესობის განვითარებაზე ერთად უნდა ვიფიქროთ. მზად ვარ გუნდის საქმიანობაში ჩემი წვლილი შევიტანო“, — განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძე: პრემიერს თანავუგრძნობ... რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზეა დამოკიდებული

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება და მას იმედი აქვს, რომ თანაგუნდელებთან საერთო ენას გამონახავს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ სხდომაზე უმრავლესობაში არსებულ პრობლემებს და მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილის პოზიციებს განიხილავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აგრეთვე მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, მანამდე შეხვდა ფოფხაძეს და გუნდში დარჩენა სთხოვა. მან აღნიშნა, რომ მისი წასვლა მისთვის დასანანი იქნებოდა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება.