25 წლის გოგოს სავარაუდო მკვლელი დაკავებულია - ვიდეოკადრები

დაკავებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის ყოფილი მამინაცვალია
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული სპეცოპერაციის შედეგად თელეთში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული 46 წლის ვეფხია ბაქრაძეა. 2015 წელს ის დამნაშავედ ცნეს სსკ-ის 11 პრიმა —117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ბაქრაძე პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა — შედეგად მან საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ბაქრაძემ ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრა და მიიმალა. გამრეკელაშვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბაქრაძე დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მკვლელობის იარაღი — დანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შსს იუწყება, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული გოგონა და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ ადამიანის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. გოგონამ კი პირადი საქმეების გამო განყოფილება დედაზე ადრე დატოვა.

„პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქრაძეს მოკლულის დედასთან სასამართლო დავა ჰქონდა და ის არაერთხელ ემუქრებოდა მას შვილის მოკვლით.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე წლების განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა.