თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი იწყებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდების და ყველა მსურველის დაინტერესება ბუნებასთან დაკავშირებული საკითხებით, ნათქვამია ბოტანიკური ბაღის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს — ეს არის ბოტანიკური ბაღის საკვირაო სკოლა, სასწავლო შემეცნებითი ტურები, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საჯარო ლექციები გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე.
„მჯერა, რომ სამომავლოდ ბოტანიკური ბაღი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების და მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებაში. მჯერა, რომ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ბოტანიკურ ბაღში გაატარებენ საინტერესო და ბუნების შემეცნებით აღსავსე დღეებს“, — განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ.
როგორი იქნება განახლებული ბოტანიკური ბაღი >>
თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.
დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა. იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.