პრეზიდენტმა კავკასიის უნივერსიტეტის განახლებული შენობა გახსნა

კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, აშშ-ისა და აზიის უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის განახლებული შენობა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე

მარგველაშვილმა დაათვალიერა შენობა, რომელი 1909 წელსაა აგებული და რომელიც კავკასიის უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ შეისყიდა. 

"გულითადად გილოცავთ 20 წლის იუბილეს და ამ ახალ შთამბეჭდავ ნაბიჯს თქვენი უნივერსიტეტის ბიოგრაფიაში. ნამდვილად მახსოვს პირველი დღეები თქვენი მოღვაწეობისა, როცა კოლეგები ვიყავით და ერთად ვფიქრობდით, როგორ განგვევითარებინა ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივად ყველა პრობლემაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა პრობლემას სწორედ სწორედ განათლება და ის ინსტიტუტები პასუხობს, რომელიც „ქმნიან ახალ განათლებას, ქმნიან ახალ ცოდნას“.  

მარგველაშვილმა სტუდენტებსა და ქართულ საზოგადოებას მიულოცა მნიშვნელოვანი შენაძენი და აღნიშნა, რომ ბევრი სმენია კავკასიის უნივერსიტეტის გამორჩეულად ნიჭიერი სტუდენტების შესახებ. 

„დედაჩემი, რომელიც აქ ასწავლის, ხშირად მიყვება, რამდენად კარგი სტუდენტები ხართ და როგორი მოწოდებით ხართ ცოდნის მიმართ", — თქვა მან.  

კავკასიის უნივერსიტეტის დევიზი, რომლის ისტორიაც 1998 წელს დაიწყო, არის „ცოდნა თავისუფლების საწინდარია“. უნივერსიტეტის სტუდენტებს მაღალი დონის განათლებასა და საერთაშორისო პროგრამებს სთავაზობს. მას მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, აშშ-ისა და აზიის უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.