„კომეტა“ ბათუმიდან სოჭის მიმართულებით მაისში განაახლებს მოძრაობას

კარგი ამინდის პირობებში საზღვაო მიმოსვლა 20 მაისს განახლდება
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საზღვაო მიმოსვლა ბათუმსა და სოჭს შორის მაისის ბოლოს განახლდება, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ კომპანია „ექსპრეს ბათუმის“ დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.

სწრაფმავალი სამგზავრო გემი „კომეტა“ მგზავრებს მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში მოემსახურება. მას ერთ ჯერზე 114–მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ბათუმიდან როსტოვში „პობედა“ იფრენს

„ზუსტი თარიღი მაისის დასაწყისში გვეცოდინება, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. თუ შტორმები არ იქნება, 20 მაისის შემდეგ უკვე პირველ რეისს შევასრულებთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

წინასწარი ინფორმაციით, „კომეტა“ კვირაში ერთ რეისს შეასრულებს. თუ მაღალი მოთხოვნილება იქნება, რეისების რაოდენობა გაიზრდება.

კარგ ამინდში „კომეტა" ბათუმიდან სოჭში გზას ხუთ საათში ფარავს.

ბოლო წლებში საქართველოში დინამიკურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია.