თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისში აზიური ფაროსანას პოპულაციისა და გავრცელების მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სპეციალისტები საგანგებო ხაფანგებს (ფერომონებს) თბილისის ცენტრალურ უბნებში ამონტაჟებენ. დედაქალაქში, ასევე მის შემოგარენში მონიტორინგის 250 სისტემა დამონტაჟდება.
გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ათასი სპეციალური ხაფანგი დამონტაჟდა.
2018 წელს აზიური ფაროსანას პოპულაციისა და გავრცელების მონიტორინგი გაძლიერდება. სახელმწიფო მავნებლის მოსაზიდად და დასაჭერად 100 ათასზე მეტ ფერომონის შეკვრას შეიძენს. საგანგებო ხაფანგები მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდება.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცხელი ხაზი მოქმედებს — 15-01, რომელზეც დარეკვა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზეა შესაძლებელი.
აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.
მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს.
საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.
სახელმწიფო ასევე მილიონ ჰექტრამდე მიწის ქიმიურ დამუშავებას გეგმავს. ამისათვის 360 ტონა პრეპარატის გამოყენებაა დაგეგმილი.