გორში დაკავებული ცხრა პირიდან სამი დარბაზიდან გაათავისუფლეს

წინასწარი დაკავების იზოლატორში 6 პირი რჩება, რომელსაც გამოძიება პოლიციელების მიმართ ძალადობას ედავება.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ კვირას მოქალაქეების ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 9 დაკავებულიდან სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება კიდევ 6 პირი, რომლებსაც გამოძიება უკვე სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, პოლიციელების მიმართ ძალადობას ედავება.

სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო გორში ცხრა პირი დააკავეს. ინციდენტი სადგურის დასახლებაში კვირას, გვიან ღამით მოხდა.

ძალადობა პოლიციელებზე: დაკავებულია ცხრა პირი

სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირისთვის ჯარიმის შეფარდებაზე მსჯელობდა.  მოსამართლემ სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. დაცვის მხარის განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავებულების ბრალის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.

“სასამართლოზე დაკითხულმა სამართალდამცავმა ვერ შეძლო ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა. არ არსებობს ვიდეო, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქოს წინააღმდეგობას უწევს პოლიციას. დაკავების შემდეგ, ეს სამი პირი პოლიციის განყოფილებაში ამბის გასაგებად მივიდნენ და სწორედ იქ მოხდა მათი დაკავება. მოვითხოვე გარე კამერების ჩანაწერები. ადმინისტრაციული დარღვევა, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია დაკავებული, 250 ლარს და ზემოდ ჯარიმას ითვალისწინებს. ის უდანაშაულოა და ჩვენ პრინციპულად ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – აცხადებს მაუწყებელთან” ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ელზა პავლიაშვილი.

სამართალდამცავებმა ჩხუბის დროს სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით და ექვსი პირი სისხლის სამართლის წესით, 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.