თბილისში შავკანიანი მამაკაცები სცემეს - თვითმხილველის ვიდეოკადრები

დაშავებულების თქმით, მათზე თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik.  თბილისში გუშინ საღამოს აფროამერიკელები სცემეს, საქართველოს შსს–მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ძალადობა“, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებული რამდენიმე გააფთრებული მამაკაცი თავდაპირველად აფროამერიკელების სპორტული მოედნიდან გაძევებას იწყებს, სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათ ცემას. დაშავებულები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა. 

 

„დღეს, საღამოს 6 საათზე ფეხბურთს ვთამაშობდით საზოგადოებრივ მოედანზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ქართველი და მოითხოვა, რომ მოედანი დაგვეტოვებინა. ვკითხეთ, თუ რატომ, მან კი გვიპასუხა, რომ უნდა დავტოვოთ მოედანი და ამ ქვეყნიდან წავიდეთ. მან გვითხრა, რომ უფლება არ გვაქვს, მის ქვეყანაში ვიმყოფებოდეთ, რადგან შავები ვართ“, – წერს ერთ–ერთი დაზარალებული Ben Zege–ს სახელით თავის Facebook–გვერდზე.

მისი თქმით, მათ გამოიძახეს პოლიცია, რომელიც საქმეში გარკვევას ადგილზე შეეცადა. ამასთან, ადამიანებმა, რომლებმაც ისინი მოედნიდან გამოაძევეს, თქვეს, რომ მათ თავაზიანად სთხოვეს ადგილის დატოვება, რათა ბავშვებს ეთამაშათ სტადიონზე. დაშავებული აღნიშნავს, რომ პოლიციას აჩვენა ვიდეო, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ აძევებენ ქართველები და სცემენ აფროამერიკელებს, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ურჩიეს, დაევიწყებინათ მომხდარის შესახებ და თავდამსხმელებისთვის ეპატიებინათ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.