დღეს აღდგომაა - სიკვდილზე გამარჯვების დღე

„ქრისტე აღდგა და აღადგინა სამყარო! ქრისტე აღდგა და დაემხო სიკვდილი!“
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. 

ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინება მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულია. აღდგომა თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის უმთავრესია — ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. 

ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“ 

სახარების თანახმად, იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე კი ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. მათ მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა იხილეს, შიშისგან თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეოკადრები

იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. 

აღდგომის დღესასწაულს მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა თანამედროვე სახე, თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს აღნიშნავდნენ. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას დაადგინა, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს (ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე.) ამიტომ მიეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნეთა ოჯახებში იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომელიც განსაკუთრებული სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ. 

აღდგომის მომდევნო დღეს კი, ორშაბათს, საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული. 

„ამ წმინდა დღეს ყველამ უნდა გავიხაროთ. დაე, ნურავინ განმარტოვდება, ნუ მოწყდება ერთობლივ ზეიმს თავისი ცოდვების განცდის გამო. დაე, ნურავინ უცქერს შორიდან ამ დღესასწაულს დანაშაულის სიმძიმის განცდით. შესაძლოა იგი ცოდვილი იყოს, მაგრამ ამ დღეს ცოდვებს არ უნდა იგლოვდეს. თუკი ავაზაკი სასუფევლის ღირსი შეიქმნა, რატომ ვერ მიიღებს ქრისტიანი შენდობას?“ (იოანე ოქროპირი)

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!