საშინელი ტრაგედია კანადაში: დაიღუპა ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის 14 წევრი

ირაკლი კობახიძემ კანადელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კანადაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადმიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ქალაქ ტისდეილთან, სასკაჩევანის პროვინციაში მაგისტრალზე მოხდა. ავტობუსი, რომელშიც კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ, სატვირთო მანქანას შეეჯახა. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს.

ავტობუსში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან ტრაგედიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ:

„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია“, — განაცხადა ტრიუდომ.

კანადელ ხალხს საქართველოს პარლამენტის სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით,  სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში – კანადაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა“, — განაცხადა კობახიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ წერილში.