წითელი პარასკევი - მაცხოვრის სისხლით შეღებილი დღე

„არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს“ (წმიდა იუსტინე პოპოვიჩი)
Sputnik

20 საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქრისტე ჯვარს აცვეს. უკვე 2018-ჯერ გლოვობს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას.

ტრადიცია: რატომ წითელი კვერცხი, ჯეჯილი და პასკა

დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ  მაცხოვრის ჯვარცმის დღის აღსანიშნავად დააწესა. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს – გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლით სავსე და  გულის შემძვრელია. 

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

ეკლესიებში მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი — „საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

დიდი ხუთშაბათი - ვნების კვირის გამორჩეული დღე

ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში  სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ. გადმოცემის მიხედვით,  ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

მარიამ მაგდალინელი  რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?!  ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.