თურქეთში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გაუგზავნეს

სასჯელაღსრულების სამინისტრო თურქეთის პენიტენციალურ დაწესებულებები მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სააღდგომო ამანათს მესამე წელია აგზავნის.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სააღდგომოდ პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და წიგნები გაუგზავნა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტრადიცია: რატომ წითელი კვერცხი, ჯეჯილი და პასკა

უწყების ინფორმაციით, სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება,  ქართულენოვანი წიგნებით კი სამინისტროს წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაეხმარა. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში ამჟამად საქართველოს სამასამდე მოქალაქე იხდის სასჯელს.

თურქეთის საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2015 წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია. 

მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა. 

სასჯელაღსრულების სამინისტრო თურქეთის პენიტენციალურ დაწესებულებები მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სააღდგომო  ამანათს მესამე წელია აგზავნის.