საქართველოს პატრიარქმა ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

როგორც პატრიარქი ბრძანებს, დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად აღევლინება ლოცვები
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 

ტყიბულის მაღაროში ადამიანები დაიღუპნენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოში პარასკევი, 6 აპრილი  გლოვის დღედ გამოცხადდა.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად“, — ნათქვამია პატრიარქის წერილში.

როგორც საქართველოს პატრიარქი ბრძანებს, დაღუპულთა სულებისსთვის აღევლინება ლოცვები, სადაც მოხსენიებული იქნება პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზასა და ბესარიონის სახელები. 

„მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთის სათნო საქმეებით შევეწიოთ“, — აღნიშნულია წერილში.