მეშახტეების მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

მომიტინგეები ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. „სოლიდარობა ტყიბულს" — ამ სლოგანით დღეს თბილისში სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეები ტყიბულში, მინდელის შახტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომასა და ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ.

დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

5 აპრილის ღამეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა: დაიღუპა ექვსი მუშა, კიდევ სამმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

აქცია, რომელსაც „აუდიტორია 115“-ის წევრების გარდა, საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო და საქართველოს პარლამენტამდე მსვლელობით გაგრძელდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის ქუჩაზე გარკვეული დროით გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ გააფრთხილა ისინი, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მომიტინგეები პოლიციას არ დაემორჩილნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, თუმცა პოლიციამ მათი აქტივისტები დააკავა.

საქართველოს პატრიარქმა ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

„ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვსხედით გზაზე, რაც არის ჩვენი კანონიერი უფლება, როგორც ფორმიანებს ჩვევიათ დაიწყეს დაკავება. აქცია სრულიად მშვიდობიანია და სირცხვილია პოლიციის ასეთი ქმედება. ველოდებით, რომ ჩვენი თანამოაზრეები უკან დააბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება ზომები”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ხუთი წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის დასასრულს, მონაწილეებმა დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად, სანთლები აანთეს.

მომდევნო აქცია „აუდიტორია 115“-მა 11 აპრილისთვის დააანონსა.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებები 12-მა მიიღო.