ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღს გაზაფხულის ბუნიობის მიხედვით ითვლიან. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ. გთავაზობთ ისტორიას, საიდან მოდის აღდგომის აღნიშვნის ტრადიცია წითელი კვერცხით, პასკით და ჯეჯილით.
წითელი კვერცხი:
გადმოცემის მიხედვით, მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა, რათა ადამიანებისთვის იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ ეხარებინა. მაგდალინელი რომის იმპერატორს წარუდგინეს. იმ დროისთვის არსებობდა ასეთი წესი, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! – „ქრისტე აღდგა? ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა. ურწმუნო იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ… კვერცხი გაწითლდა.
გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე.
კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. წითლად შეღებილი კვერცხი კი ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის არსებობას ახსენებს. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა სიმბოლურად ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ და დღესაც სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.
პასკა:
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა.პასკა ტკბილი პურია. უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული". საზიარებელი ღვინო და პური, ღვთის მადლად იკურთხება და უფლის სისხლად და ხორცად გარდაისახება. აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ადამიანის სულისთვის.
ჯეჯილი:
ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. ბზობის კვირას ძველი ქრისტიანული ჩვეულების, მიხედვით, ხორბალს თესენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება.
…და იწყება გალობა „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.”