მაკო შევარდნაძეს თბილისში ბევრი იცნობს, თუმცა, შესაძლოა, მისი ამ სერიოზული გატაცების შესახებ ყველამ არ იცოდეს.
-ქალბატონო მაკო, როგორც ჩანს, ოჯახმა სხვა არჩევანი არ „დაგიტოვათ“: ან პოლიტიკოსი უნდა გამხდარიყავით ან ხელოვანი…
— დიახ, მამის მხარეს პოლიტიკოსები იყვნენ, დედის მხარეს — ხელოვანები. პოლიტიკოსი გამორიცხულია, ვერ გავხდებოდი. ტელევიზორიც კი მოვიცილე სახლიდან რომ არ ვუყურო. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ბებია, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ნელი ოქროპირიძე იყო. მას ადრე საქართველოს ტელევიზიით მიჰყავდა ბავშვებისთვის გადაცემა „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. დედაჩემი ასევე ხელოვნებათმცოდნეა, რომელმაც აკადემია დაამთავრა. ბებიას მამა მხატვარი ჰყავდა, დედაჩემის მამა მღეროდა. მე ბებიასთან ვიზრდებოდი და ყველაფერს ფაქტობრივად მასთან ერთად ვაკეთებდი. ასე რომ, ნიჭი გენეტიკურია და ბებიის დამსახურებაა ის, რასაც დღეს ვაკეთებ.
- სააღდგომო კვერცხების დამზადება როდის დაიწყეთ?
— ადრე საახალწლოდ იკებანებს ვაკეთებდი. ბევრი ხნის წინ დიდი რაოდენობით იკებანა გავაკეთე. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. სააღდგომო კვერცხების დამზადების იდეა ადრე გამიჩნდა. მერე ისე მოხდა, რომ ერთ თვე თავისუფალი ვიყავი და ჩემი იდეების მიხედვით დავიწყე სააღდგომო კვერცხების კეთება. თაბაშირისგან ყალიბი გავაკეთებინე. კვერცხის გაფორმების დროს ვიყენებ: წებოს, ლაქს, საღებავს. დეკუპაჟით დაძველების ეფექტს ვაძლევ. მოხატვა ქაღალდზე ხელით ხდება, მერე ეს ლაქით მუშავდება. ერთი სააღდგომო კვერცხი დამზადებას რამდენიმე დღეს სჭირდება. აღდგომამდე მათი რაღაც რაოდენობა საჩუქრად უკვე იყიდეს. როცა ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც ქმნი და ხედავ, რომ მათ ეს სიხარულს ანიჭებს — თვითონაც გიხარია.
- თურმე უცხოეთიდან დაგიკავშირდნენ…
— დიახ, ბრიტანეთიდან დამიკავშირდა ერთი ძალიან კარგი ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ ღვისმსახურია — დედაოა. მან მითხრა, რომ ძალიან მომწონს რასაც აკეთებთო და იქიდან შემიკვეთა სააღდგომო კვერცხები. როგორც ჩანს, ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელებში ნახეს. ძალიან გამიხარდა, რომ უცხო ქვეყნიდან დამიკავშირდნენ. როცა გიფასდება შრომა —ეს ძალიან ბედნიერს გხდის, მით უფრო, თუკი გიკავშირდებიან ისეთი ქვეყნიდან, სადაც სილამაზე და ლამაზი ნაკეთობები არ ნამდვილად აკლიათ.
-ქალბატონო მაკო, თქვენ მხატვრულ ნიჭს კინოშიც იყენებთ…
— კინოში მხატვარ-რეკვიზიტორი ვარ. ბოლოს ანა ურუშაძის ფილმი იყო, ძალიან ბევრ რეკლამაზე ვარ ნამუშევარი, რომლებსაც ძირითადად იღებენ უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიონალები, ძირითადად, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან, მათთან ხელშეკრულებებით ვმუშაობ. დაკავებული ვიყავი ზაზა ურუშაძის ფილმებში: „გასეირნება ყარაბახში“, „აღსარება“, „მანდარინები“. ძალიან მიყვარს ზაზასთან მუშაობა, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ჯგუფი ჰყავს. ის ნიჭიერი რეჟისორია და მისი საქმის პროფესიონალი. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.
- თქვენთვის რა არის აღდგომა?
— ეს არის უდიდესი დღესასწაული, რასაც ენით ვერ გამოვხატავ. მინდა, რომ ის, რასაც განვიცდი ამ დღეს, ჩემს ნამუშევრებში ისე ჩავტიო, რომ ადამიანმა ეს იგრძნოს…