სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული დევდარიანი სასამართლოში მიდის

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული საკუთარი ღირსების დაცვას სასამართლოში აპირებს
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, რომელსაც ოთხი ქალი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, საკუთარი ღირსების დაცვას სასამართლოში აპირებს.

ონლაინ-გამოცემა „ტაბულას" ვებ-გვერდზე 17 მარტს ოთხი ქალი წერდა, რომ სხვადასხვა წლებში დევდარიანი სექსუალური ხასიათის თხოვნებით მიმართავდა და ინტიმური კავშირის დამყარებას სთხოვდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრომ 23 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.

ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ საქმე აღძრა

„მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე დავამტკიცო და ამისთვის მე ყველა სასამართლო ინსტიტუტს გამოვიყენებ", — განაცხადა დევდარიანმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მათ მიმართ, ვინც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ღირსება შეურაცხყვეს. ამასთან, გაბუნია დევდარიანის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურად წარდგენას უკავშირებს.

„მივმართავ პროკურატურას მოთხოვნით, რომ აღიძრას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. მივმართავ სასამართლოს და იქ თქვენ გაიგებთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დევდარიანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს", — აღნიშნა გაბუნიამ.

დევდარიანის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა. სკანდალის შემდეგ კი დევდარიანმა მოხსნა კანდიდატურა.